მზოგავი ტურიზმის განვითარების ცენტრიმზოგავი ტურიზმის განვითარების ცენტრიმზოგავი ტურიზმის განვითარების ცენტრი

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • ჩვენი გუნდი
    • ჩვენი ტრენერები
    • ჩვენი მისია
  • კურსები
  • ღონისძიებები
  • სტატიები
  • კონტაქტი
  • English (UK)
  • ქართული (ka-GE)

სტატიები

მზოგავი/მდგრადი განვითარების 17 მიზანი

ხშირად ისმის შეკითხვა, რას გულისხმობს მზოგავი/მდგრადი განითარება? რას მოიცავს და რისი მიღწევა სურთ ამით?

უპირველესად, უნდა აღინიშნოს, რომ მდგრადი მიდგომის საჭიროება პირველად გააცნობიერეს მეორე მსოფლიო ომის შემდგომ, როცა კაცობრიობა ეკონომიკური, ეკოლოგიური თუ სოციალური თვალსაზრისით მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა.

1948 წლიდან დაიწყო გაეროს მშვიდობისმყოფელთა მისიები მსოფლიოს რთულ ადგილებში. 1949 წელს გაეროში შედგა პირველი და უმთავრესი შეხვედრა რესურსების კონსერვაციისა და მოხმარების თაობაზე.

1950-იანებში გამოქვეყნდა ჰარისონ ბრაუნის წიგნი „კაცობრიობის მომავლის გამოწვევა“, რომელიც 25 წლის შემდეგ საფუძვლად დაედო მზოგავი/მდგრადი განვითარების ტერმინსა და ცნებას.

sustainability goals

1970 წელს მსოფლიომ პირველად აღნიშნა დედამიწის დღე.

1972 წელს გამოქვეყნდა ეკონომისტებისა და მეცნიერების ჯგუფის  კვლევა სათაურით „ზრდის ზღვარი“ (Limits to Growth), სადაც ჩვენი პლანეტის ფიზიკური შესაძლებლობების ზღვარი იყო განხილული და ისმოდა გაფრთხილება თუ რა კატასტროფა იყო მოსალოდნელი რესურსების დაუზოგავად ექსპლოატაციის შედეგად.

1992 წლის 4 ივნისს  გაერთიანებული ერების კონფერენცია ჩატარდა გარემოსა და განვითარების შესახებ, რომელიც უფრო ცნობილია „რიოს სამიტის“ ან „დედამიწის სამიტის“  სახელით. ამ სამიტში  172 ქვეყანა მონაწილეობდა და მათ ერთობლივად შეიმუშავეს სამოქმედო გეგმა XXI საუკუნისთვის, ცნობილი, როგორც Agenda 21.  ეს დოკუმენტი მთლიანად გამსჭვალულია მდგრადი მიდგომით მსოფლიოს აწმყოსა და მომავლისადმი.

2000 წელს 189 ქვეყნის ლიდერებმა შეიმუშავეს და ხელი მოაწერეს ათასწლეულის დეკლარაციას (Millennium Development Goals (MDGs)), რაც  2015 წლისთვის შიმშილისა და სიღატაკის განახევრებას, გენდერული თანასწორობის საკითხის წინ წამოწევასა და ბავშვთა სიკვდილიანობის შემცირებას გულისხმობდა.

2015 წელს კვლავ რიოში ჩატარდა გაერთიანებული ერების კონფერენცია მდგრად განვითარებაზე (შეიკრიბა 193 ქვეყნის წარმომადგენელი), სადაც განხილული იყო ათასწლეულის დეკლარაციის შედეგები და შემუშავდა ახალი სამოქმედო გეგმა სახელწოდებით „მომავალი, რომელიც გვსურს“ („The Future We Want“), რაც საბოლოოდ გაფორმდა როგორ გაეროს დოკუმენტი პოპულარული სახელით “მზოგავი განვითარების მიზნები” („The Sustaiable Development Goals“ (SDG)). მთავარ მიზნებში იგულისხმება, რომ ბოლო უნდა მოეღოს უთანასწორობას, სიღარიბესა და ჰავის ცვლილებას.  ამ საერთო მიზნებზე მუშაობამ შედეგი გამოიღო და მზოგავი განვითარებისთვის ჩამოყალიბდა 17 მიზანი, რომელიც ერთიანად მისაღები და საპასუხისმგებლოა ყველა ქვეყნისთვის, მიუხედავად მათი სახელმწიფოებრივი განვითარების დონისა.

ამ კონფერენციაზე  გაეროს გენერალურმა მდივანმა, ბან კი მუნმა ხაზი გაუსვა ამ დოკუმენტის (17 მიზნის) მნიშვნელობას და განაცხადა: „ჩვენ არ გაგვაჩნია გეგმა „ბ“, რადგან არ არსებობს პლანეტა „ბ““. (“We don’t have plan B because there is no planet B.” Ban Ki-moon, UN Secretary General 2007-2016)

და მაინც, რას ნიშნავს მზოგავი განვითარება:

ესაა განვითარება, რომელიც პასუხობს აწმყოს საჭიროებებს, თუმცა ამით არ უსპობს მომავალ თაობებს იმის საშუალებას, რომ მათაც უპასუხონ თავიანთი დროის საჭიროებებს (რესურსების გამოზოგვით მართვა).

ესაა მუშაობა უსაფრთხო და სტაბილური მომავლისათვის,

ესაა ფიქრი ეკონომიკურ, სოციალურ და გარემოსდაცვით პირობებზე.

გაეცანით მზოგავი ტურიზმის 17 მიზანს:

მიზანი 1: სიღარიბის ყველა ფორმის აღმოფხვრა

მიზანი 2: შიმშილის აღმოფხვრა, სასურსათო უსაფრთხოებისა და გაუმჯობესებული კვების მიღწევა და მდგრადი სოფლის მეურნეობის ხელშეწყობა

მიზანი 3: ჯანსაღი ცხოვრებისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფა ყველა ასაკის ადამიანისათვის.

მიზანი 4: ინკლუზიური და თანასწორი განათლების უზრუნველყოფა და უწყვეტი სწავლის შესაძლებლობის შექმნა ყველასათვის

მიზანი 5: გენდერული თანასწორობის მიღწევა და ყველა ქალისა და გოგონას შესაძლებლობების გაუმჯობესება

მიზანი 6: წყლის მდგრადი მართვისა და სანიტარული ნორმების დაცვის საყოველთაო უზრუნველყოფა

მიზანი 7: ხელმისაწვდომი, საიმედო, სტაბილური და თანამედროვე ენერგიის საყოველთაო ხელმისაწვდომობა

მიზანი 8: სტაბილური, ინკლუზიური და მდგრადი ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობა, სრული და პროდუქტული დასაქმება და ღირსეული სამუშაო ყველასათვის

მიზანი 9: მდგრადი ინფრასტრუქტურის შექმნა, ინკლუზიური და განვითარებული ინდუსტრიალიზაციისა და ინოვაციების ხელშეწყობა

მიზანი 10: უთანასწორობის შემცირება ქვეყნებში და ქვეყნებს შორის

მიზანი 11: ქალაქებისა და დასახლებების ინკლუზიური, უსაფრთხო და მდგრადი განვითარება

მიზანი 12: მდგრადი მოხმარება და წარმოება

მიზანი 13: კლიმატის ცვლილებისა და მისი ზეგავლენის წინააღმდეგ გადაუდებელი ზომების გატარება

მიზანი 14: ოკეანისა და ზღვის რესურსების კონსერვაცია და მუდმივი გამოყენება განვითარებისათვის

მიზანი 15: დედამიწის ეკოსისტემების დაცვა, აღდგენა და მდგრადი გამოყენება, ტყეების გონივრული მართვა, გაუდაბურების აღკვეთა, ნიადაგის დეგრადაციის შეჩერება და აღდგენა-გაუმჯობესება, ბიომრავალფეროვნების შენარჩუნება

მიზანი 16: მშვიდობიანი და ინკლუზიური საზოგადოების ჩამოყალიბების ხელშეწყობა მდგრადი განვითარებისათვის, მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობა ყველასათვის, ეფექტური, ანგარიშვალდებული და ინკლუზიური ინსტიტუციების მშენებლობა ყველა დონეზე

მიზანი 17: პარტნიორობა მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად

Tweet
© 2016 Sustainable Tourism Development Center. All Rights Reserved. Designed By Jege Sakhokia
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • ჩვენი გუნდი
    • ჩვენი ტრენერები
    • ჩვენი მისია
  • კურსები
  • ღონისძიებები
  • სტატიები
  • კონტაქტი